34-th-station

ერეკლე წულაძის სოლო გამოფენა “34-ე სადგური”

გალერეა გამრეკელი მოდერნში

34-th-station

გალერეა გამრეკელი მოდერნში (ილია ჭავჭავაძის გამზირი #83), 17 აპრილს 17:00-საათიდან გაიხსნება მოქანდაკე ერეკლე წულაძის სოლო გამოფენა „34-ე სადგური“.

ექსპოზიციაზე გაერთიანებული სკულპტურული ნამუშევრები ბოლო პერიოდშია შესრულებული. ყოველ ნამუშევარს თავის კონცეფცია აქვს და მოქანდაკის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს ასახავს. ერეკლე წულაძისთვის საინტერესოა გარემომცველ სამყაროში და მის მეხსიერებაში არსებული ქმნილებები და ობიექტები, რომელსაც ახლებური იდეური გააზრებით, მხატვრული მანერით და თანამედროვე მინიმალისტური ფორმით და მასალით, (ეს არის: უჟანგავი ფოლადი, ხელოვნური ქვა, მინა) ასრულებს. სკულპტორის მკვეთრად თანამედროვე მხატვრული ენა, მანერა და ფორმა, ორგანულად ერწყმის დღევანდელ რეალობას. 30-დე ნამუშევრისგან გაერთიანებული ექსპოზიციის დათვალიერება გალერეა გამრეკელი მოდერნში შესაძლებელი იქნება 2 კვირის განმავლობაში.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ

ახალყოფილობა
ანუ
34-ე სადგური
ჩვევაცაა ხელოვნება – არარადან რომ მოსულა და არარასკენ მიდის…
მიდის და მივყვებით…
მივყვებით, მაგრამ არ ვემორჩილებით…
ვეჯიუტებით… ვცვლით…
კაცმა არ იცის, რომელი ადამიანი იყო ხელოვნების ხმა… მისი საზრისი…
იქნებ, ის, გამოქვაბულში რომ ნახშირით კვეთდა პირველყოფილობაში ბიზონებს თავადაც პირველყოფილი…
იქნებ…
მერე გაზულუქდა ადამიანი და ხელოვნებაც გააზულუქა.
გადაირია და ხელოვნებაც გადარია…
ბიზონებივით გაქრა პირველყოფილიცა და პირველყოფილი ხელოვნებაც…
იშლებოდა და ხელახლა ეწყობოდა…
დასასრული ეგონათ და მაინც ხელახლა იწყებდა…
ახლაც დაშლისა და ახლის „აწყობის“ პროცესია სამყაროში…
შეუქცევადი პროცესი, ცოტა რომ მისდევს და ცოტას რომ ესმის…
ხელოვნებასაც ცოტა ადამიანის ესმის…
ცოტა ახალყოფილის…
როგორც ჩანს, ბიზონები ენატრება – გულწრფელი და ნაღდი ბიზონები…
ერეკლე წულაძეს გაუმართლა… ახალყოფილია!
ის ახალყოფილი, თავისი ტკივილში ჩაკარგული და პეპლადქცეული დარდებით სავსე ბეჰემოთივით რომ შემოიჭრა ახალ რეალობაში…
წითელი ფერი რომ „შემოაგდო“ ქანდაკში და ხარებად აქცია მაყურებელი…
რომ დააბნია მარმარილოსა და მძიმე ქვებში ჩაკარგული ადამიანები თავისი ვერცხლისწყალივით მოძრავი ყურძნის მტევნებით…
თავისი ერთიანობაში ჩაკარგული და მაინც შეუკრავი სიყვარულით…
მრგვალ გილიოტინაში მოქცეული გრიგოლ რობაქიძის თავით, რომელიც ცოცხალია… რომელიც ბრუნავს… მოძრაობს… მის თვალებში არის რაღაც ისეთი სისასტიკე, უკან რომ დაგახევინებს და დაგაფრთხობს…
მიკი მაუსის ტანდაკარგული თავითაც მოვიდა ერეკლე წულაძე…
ჰო, აქ 21-ე საუკუნესავით ყველაფერი ტანდაკარგულია და ყველაფერი ტანით რეფლექსირდება მხოლოდ…
აქ არის ქანდაკისთვის უჩვეულო ტრანსპარანცია…
ახალი გამჭვირვალება…
ასარკება…
გაორება და გაორმაგება…
გაწყალება…
იგივეობა და განსხვავება…
ასეა ყველა გაჩერებაზე – პირველიდან დღემდე…
ახლა 34-ე გაჩერების დროა…
ახალი გაჩერების – ახალი მაუსების…
ახალი გილიოტინების…
ახალი სიყვარულის…
მთავარია, რომ ახალყოფილის მატარებელი მიდის…
ახალ სადგურს უახლოვდება…
იმ სადგურზე მას ელიან და უყვართ!

გამოფენის კურატორი: დავით ანდრიაძე

ბილეთები

გაეცანით საფასურს

ვიზიტი – უფასოა

რეგულაციები

გალერეაში ვიზიტისას

გაგაცნობთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს ვიზიტორებისთვის:

დახურულ შენობებში ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;
გალერეაში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;
ღია სივრცეებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია;
გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში იქნება 1 საათი, ხოლო ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა – 10 ადამიანი.
გალერეის თანამშრომლების მხრიდან გაკონტროლდება შენობაში/ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან პირბადის გამოყენების და სოციალური დისტანციის დაცვა.

საკონტაქტო ინფორმაცია
ილია ჭავჭავაძის გამზირი 83. თბილისი032 299 57 23gamrekeligallery@gmail.com
სამუშაო საათები
ორშაბათი-შაბათი 12:00-დან 19:00 სთ-მდე

ბოლო ვიზიტორი დაიშვება 18:30 სთ.

არასამუშაო დღეები: კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები.

მსგავსი გამოფენები